English / ქართული / русский /
თამილა არნანია-კეპულაძეგიორგი კეპულაძე
„მწვანე” და „ლურჯი“ ეკონომიკის კონცეფციები გლობალური დეფიციტის პირობებში

ანოტაცია. გლობალური დეფიციტი წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოების ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემას. ადამიანთა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაზე მიმართული წარმოების პროცესი ისევე, როგორც ადამიანის მიერ საქონლისა და მომსახურების  მოხმარება დაკავშირებულია ნარჩენების მნიშვნელოვანი რაოდენობის წარმოშობასა და გარემოს დაბინძურებასთან, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს დამატებით რესურსებს როგორც გარემოს დასუფთავების, ასევე ნარჩენების გადამუშავებისათვის. ამ პრობლემების გადაჭრას ემსახურება ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული კონცეფციები, რომლებიc ცნობილია „მწვანედა „ლურჯი“ ეკონომიკის სახელწოდებით.

საკვანძო სიტყვები:  მწვანე ეკონომიკა, ლურჯი ეკონომიკა, გლობალური დეფიციტი, ეკო-ინოვაციები, ბიზნესის მოდელი, მდგრადი განვითარება.

 1.     შესავალი: გლობალური დეფიციტი, როგორც რეალობა

თანამედროვე საზოგადოებები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან და ამ გამოწვევებს შორის ერთ-ერთ უმთავრესს გლობალური დეფიციტის პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა წარმოადგენს. 

სწორედ გლობალური დეფიციტის პრობლემა უდევს საფუძვლად დღეს მოქმედ ეკონომიკურ მოდელებს, რომლებშიც ადამიანის მუდმივი სწრაფვა მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ, უპირისპირდება დედამიწაზე არსებული რესურსების შეზღუდულობას.

გლობალური დეფიციტის პრობლემა აისახება არსებული რესურსების არათანაბარ განაწილებაში საზოგადოებებსა და საზოგადოების წევრებს  შორის, რაც აისახება ღარიბი რეგიონებისა და ღარიბი ადამიანების არსებობასა და სოციალურ–ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებაში.

გლობალური დეფიციტის პირობებში ადამიანთა მზარდ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაზე მიმართული წარმოების პროცესი, ისევ, როგორც ადამიანის მიერ საქონლისა და მომსახურების მზარდი მოხმარება, დაკავშირებულია რესურსების მზარდი რაოდენობის გამოყენებასა და გარემოს, დაბინძურებასთან, ნარჩენების მნიშვნელოვანი რაოდენობის წარმოშობასთან, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს დამატებით რესურსებს როგორც გარემოს დასუფთავების, ასევე ნარჩენების გადამუშავებისათვის.

ამგვარად იკვრება წრე, რომელიც კიდევ უფრო ამწვავებს რესურსების დეფიციტს და, გამომდინარე აქედან, აძლიერებს სოციალურ–ეკონომიკურ უთანასწორობას.

ნახაზი.  „რესურსების მოხმარება – გარემოს დაბინძურების“ შეკრული წრე 

როგორც მეცნიერები იუწყებიან, დედამიწის რესურსების წლიური ნორმა ანუ არსებული რესურსების რაოდენობა, რომელთა მოხმარება შეიძლება ერთი წლის განმავლობაში რესურსების არსებული მარაგის მნიშვნელოვანი დაზიანების მიყენების გარეშე, 2015 წელს ამოიწურა არა 12 თვეში, არამედ 7 თვესა და 13 დღეში [14]. ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი 4 თვისა და 17 დღის განმავლობაში მოხმარებული იყენებდა მომავალი წლისათვის განკუთვნილი რესურსების წლიური ნორმის ნაწილს ანუ მომავლისგან „ნასესხებ“ რესურსებს.

დედამიწის რესურსების წლიური მოხმარების ნორმებისა და რეალურად გამოყენებული რესურსების   კვლევებს მეცნიერები ახორციელებენ გასული საუკუნის 70–ანი წლებიდან და ამ კვლევების შედეგების ანალიზმა აღმოაჩინა, რომ რესურსების წლიური ნორმა იწურება სულ უფრო მალე [11,გვ. 20], რაც კიდევ უფრო აძლიერებს რესურსების დეფიციტის პრობლემას.

2. გლობალური დეფიციტი და გარემოს დაბინძურება: ზოგიერთი ფაქტი

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (Organization for Economic Cooperation and Development, OECD) პროგნოზების თანახმად, თანამედროვე წარმოების შენარჩუნების პირობებში 2000 წელთან შედარებით 2050 წლისთვის მსოფლიო დაკარგავს ფლორისა და ფაუნის 61-დან 72% -მდე, ხოლო  ბუნებრივი ტერიტორიების  7.5 მილიონი კვადრატული მეტრის ეკოლოგიური უსაფრთხოება შეუქცევადად დაირღვევა [13].

გარდა ამისა, გარემოს დაბინძურება ძალზე ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, დაბინძურებასთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადებებისგან ყოველწლიურად მსოფლიოში 9 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება, რაც 3–ჯერ აღემატება შიდსის, მალარიისა და ტუბერკულოზიდან დაღუპულთა ჯამურ რაოდენობას, 6–ჯერ აღემატება საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევებში დაღუპულ ადამიანთა  და 15–ჯერ მეტია ომებისა და ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობაზე [9].

მოვიყვანოთ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული პრობლემების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (Word Health Organization, WHO) მიერ გავრცელებული ზოგიერთი მონაცემი [2]:

– დედამიწის მოსახლეობის 91% ცხოვრობს იმ ადგილებში, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე აჭარბებს WHO-ს მიერ ჰაერის ხარისხის რეკომენდებულ მაჩვენებლებს;

– ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად მსოფლიოში იღუპება 4,2 მილიონი ადამიანი;

– 3,8 მილიონი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად საცხოვრებელ სახლებში კვამლის ზემოქმედების გამო, რაც გამოწვეულია არაეკოლოგიური სამზარეულო ღუმელების და საწვავის გამოყენებით;

– ინსულტით გარდაცვალების 24% გამოწვეულია ჰაერის დაბინძურებით;

– სისხლძარღვთა დაავადებით გარდაცვლილთა 25% ჰაერის დაბინძურების მსხვერპლია;

– ფილტვების დაავადებით გარდაცვალების 43% გამოწვეულია ჰაერის დაბინძურებით;

– ჰაერის დაბინძურებით გარდაცვლილთა 90% ცხოვრობდა დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში.

პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტისა და იელის უნივერსიტეტების მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გარემოს დაბინძურება ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის კოგნიტიურ უნარზე, რაც შეიძლება მომავალში გამოვლინდეს ალცჰეიმერის ან პარკინსონის დაავადებებში. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში ალცჰეიმერის დაავადებაზე ყოველწლიურად იხარჯება 226 მილიარდი დოლარი და მოითხოვს 18 მილიარდ სამუშაო საათის ხარჯვას [10], ეს არა მხოლოდ დიდი პიროვნული, სამედიცინო და სოციალური, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემაა და მოითხოვს მნიშვნელოვან რესურსს.

ასეთ ვითარებაში ხდება გლობალური დეფიციტის კონცეფციაზე დაფუძნებული ეკონომიკური მოდელის გადასინჯვის აუცილებლობა და იმის გააზრება, რომ აუცილებელია საზოგადოების სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ახალი სტრატეგიის შემუშავება და ფუნდამენტურ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე დაფუძნებული მდგრადი ეკონომიკის მოდელების ჩამოყალიბება, რომლებიც უზრუნველყოფს მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მაღალ დონეს ბუნებრივი რესურსების გამოყენების სრულყოფის საფუძველზე.

ბოლო ათწლეულებში არსებული რესურსტევადი, გლობალურ დეფიციტზე დაფუძნებული ეკონომიკის ალტერნატივად გამოვიდა ისეთი ახალი კონცეფციები, როგორიცაა „მწვანე ეკონომიკა“ და „ლურჯი ეკონომიკა“.

3.     მწვანე ეკონომიკის კონცეფცია

მწვანე ეკონომიკა – ეს არის ეკონომიკური მეცნიერებისა და პრაქტიკის შედარებით ახალი მიმართულება, რომელიც აღიარებს ეკონომიკის ბუნებაზე დამოკიდებულებას და განიხილავს მას, როგორც ბუნების შემადგენელ ელემენტს.

მეცნიერულ ლექსიკონში ტერმინი „მწვანე ეკონომიკა“ შემოვიდა 2012 წელს გაეროს მიერ რიო-დე-ჟანეიროში გამართულ მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული კონფერენციის მზადების პერიოდში.

მწვანე ეკონომიკის კონცეფცია მიმართულია ეკონომიკური ზრდის, სოციალური სტაბილურობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ჰარმონიზაციის უზრუნველყოფაზე.  მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ძირითადი მიზანია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ბუნებრივი რესურსების ამოწურვის შემცირების პირობებში.

მწვანე ეკონომიკის მეთოდოლოგია ეფუძნება  კომპლექსურ ინტერდისციპლინურ მიდგომას და გამომდინარეობს იმ ცოდნიდან, რომელიც აკუმულირებულია ეკოლოგიურ, ეკონომიკურ, სოციოლოგიურ, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მეცნიერებებში. მწვანე ეკონომიკაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ეკოლოგიური ელემენტი. 

მწვანე ეკონომიკის კონცეფცია ეფუძნება სამ ძირითად აქსიომას [8]:

–         შეუძლებელია შეზღუდულ სივრცეში უსაზღვროდ გავლენის გაფართოება;

–          შეუძლებელია მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეზღუდული რესურსების პირობებში;

–         დედამიწაზე ყველაფერი არის ურთიერთდამოკიდებული.

მწვანე ეკონომიკა წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიღწევის ერთ–ერთ ინსტრუმენტს და განიხილება როგორც გარემოს დაუზიანებლად ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფაზე მიმართულ სამეურნეო საქმიანობა [1].

მაგრამ, როგორც ამას აღნიშნავს ბელგიელი მეწარმე გუნტერ პაული (Gunter Pauli, 1956), მწვანე ეკონომიკის კონცეფცია საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, ვინაიდან დაკავშირებულია გარემოს დაცვისთვის მასშტაბიანი ინვესტიციების დაბანდების აუცილებლობასთან. სხვაგვარად, მწვანე ეკონომიკა რეციკლირების ანუ უნარჩენო ტექნოლოგიების დანერგვით მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფს გარემოს დაცვას, მაგრამ ვერ წყვეტს რესურსების დაზოგვის პრობლემას.

რესურსების დაზოგვის, შენარჩუნების, გამოყენების სრულყოფისა და ეკონომიკურ საქმიანობასთან ჰარმონიზაციის პრობლემის გადაჭრას ემსახურება ე.წ. „ლურჯი ეკონომიკა“.

4.     ლურჯი ეკონომიკის კონცეფცია

რომის კლუბისადმი 2009 წელს წარდგენილ ანგარიშში გუნტერ პაულიმ ჩამოაყალიბა მწვანე ეკონომიკის ალტერნატიული იდეა, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო გ.პაულის ცნობილ წიგნს „ლურჯი ეკონომიკა“ (The Blue Economy) [3; 4; 5]. გუნტერ პაული  განიხილავს ლურჯ ეკონომიკას, როგორც მეცნიერების, ინოვაციებისა და მეწარმეობის გაერთიანების საფუძველზე შექმნილ ბიზნესმოდელს, რომელიც უნდა იყოს „ისეთივე ბრძნული, როგორც ბუნება“ (ანუ: Let us be as Intelligent as Nature), ვინაიდან, გ.პაულის აზრით, მილიონობით წლის განმავლობაში ბუნება აკუმულირებდა  ცოდნას და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისგან და წავიდეთ მისი გზით, თუ გვინდა ვიყოთ უფრო ეფექტიანები და წარმატებულები“ [6]. მხოლოდ ასეთ მიდგომას და ასეთ ხედვას ძალუძს შეცვალოს საზოგადოება, დაძლიოს გლობალური დეფიციტი და უზრუნველყოს საყოველთაო კეთილდღეობა.

ლურჯი ეკონომიკა – ეს არის თანამედროვეობის ახალი გამოძახილი, რომელიც მიმართულია დღეს არსებული პრობლემების (უმუშევრობა, სიღარიბე, რესურსების უკმარისობა, კეთილდღეობის ამაღლების საჭიროება, ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სხვ.) გადაჭრაზე და ნაკლები საინვესტიციო დანახარჯების საფუძველზე უზრუნველყოფს მწარმოებლურობის ამაღლებას, ახალი ტექნოლოგიების, ნოვატორული მიდგომებისა და რესურსების ინოვაციურად რაციონალური გამოყენებით ხელს უწყობს მაღალშემოსავლიანი ბიზნესის შექმნას და სახელმწიფოს თუ რეგიონის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ფინანსური, სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებლიანობის მიღებას.

ლურჯი ეკონომიკა – ეს არის ინოვაციური მიდგომა ბიზნესის წარმართვისადმი, რომელიც ითვალისწინებს ბუნებისა და ბიზნესსაქმიანობის ჰარმონიულ შერწყმას და ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს:

–         ნებისმიერი რესურსი შეიძლება შეიცვალოს იყოს სხვა რესურსით;

–         ბუნება არ ქმნის ნარჩენებს და, აქედან, არც ბიზნესმა და არც ადამიანებმა არ უნდა შექმნან ნარჩენები;

–         წარმოებისა და მოხმარების ნებისმიერი ნარჩენი არის სხვა პროდუქტის წარმოების წყარო.

ლურჯი ეკონომიკა გამომდინარეობს ბუნებრივი ეკოსისტემების დინამიკის შესწავლისა და განვითარებიდან, რაც განიხილება, როგორც წარმოებისა და მოხმარების წარმატებული მოდელების შექმნის აუცილებელი და სასარგებლო საწინდარი.

ლურჯი ეკონომიკის კონცეფციის თანახმად, ეკონომიკური სისტემები და ბიზნესმოდელები მოქმედებენ როგორც ეკოსისტემები, ხოლო ბუნება განიხილება როგორც საზოგადოებაში არსებული სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისათვის სასარგებლო იდეების მიწოდების საუკეთესო წყარო.

ლურჯი ეკონომიკა დაკავშირებულია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის ყველა საჭირო პირობების შექმნასთან ქვეყნის, რეგიონის, ქალაქის, ცალკეული ბიზნესსაქმიანობის კონკურენტულ უპირატესობათა გათვალისწინებიდან გამომდინარე.

ლურჯი ეკონომიკის პრინციპებზე  აგებული ქალაქის, რეგიონის თუ ქვეყნის ბიზნესმოდელი ეფუძნება ახალ მიდგომებს და ეკოინოვაციურ ტექნოლოგიებს, როცა ბუნებრივი გარემოს დაუზიანებლად ბუნებიდან მიიღება ის, რაც მას გააჩნია და უზრუნველყოფილი იქნება პროდუქციისა და მომსახურების მრავალფეროვნება რესურსების სრულყოფილი გამოყენებისა და ენერგოდანახარჯების შემცირების პირობებში. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს რეგიონის თუ ქვეყნის, როგორც ეკოლოგიურად  უსაფრთხო და ეკონომიკურად განვითარებული ქალაქის, რეგიონის თუ ქვეყნის ჩამოყალიბებას.

დასკვნა

ამგვარად, “მწვანე“ და „ლურჯი“ ეკონომიკის კონცეფციები – ეს არის არა მხოლოდ მეცნიერული პარადიგმები, არამედ და უწინარეს ყოვლისა ეს არის ახალი აზროვნების, ახალი ცხოვრების სტილის და „ადამიანი-ბუნების“ თანაარსებობის ახალი წესის ინოვაციური კონცეფტუალური ხედვა, რომელიც კარდინალურად ცვლის წარმოებისა და მოხმარების ჩვევებს, ბიზნესსაქმიანობის მეთოდებს, აყალიბებს ეკო–სისტემისადმი მეგობრულ ბიზნესგარემოს და ინოვაციურ საფუძვლებზე აგებულ ბიზნესმოდელებს, რაც უზრუნველყოფს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას გონივრული მოხმარებისა და რესურსების შენარჩუნების პირობებში. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. United Nations Environmental Programme: Green Economy// http://www.unep.org/greeneconomy/Portals/88/documents/research_products/briefingpapers/Ru_GE_HEALTH.pdf
  2. WHO Global Ambient Air Quality Database (update 2018).
  3. Gunter Pauli, 2010, The Blue Economy. Paradigm Publishers, ISBN 978-0-912111-90-2.
  4. Gunter Pauli, 2015,The Blue Economy 2.0: 200 Projects Implemented; US$ 4 Billion Invested; 3 Million Jobs Created. Academic Foundation (New Delhi), ISBN 9332703108.
  5. Gunter Pauli, 2017, The Blue Economy 3.0: The marriage of science, innovation and entrepreneurship creates a new business model that transforms society. XLibris (Sydney), ISBN 152452106X.
  6. Gunter Pauli, 2017, The Third Dimension 3D Farming and 11 More Unstoppable Trends. JJK Books (Santa Barbara), ISBN 0692973079.
  7. Батова Н., Сачек П., Точицкая И., 2018, На пути к зеленому росту: окно возможностей циркулярной экономики, Центр экономических исследований BEROC http://www.beroc.by/webroot/delivery/files/GE_1.pdf
  8. ГурьеваМ. А., Наймушина Д. В., Зеленая экономика, http://teoria-practica.ru/rus/files/arhiv_zhurnala/2015/7/economics/gurieva-naymushina.pdf
  9. Загорская Д., 2017, Загрязнение окружающей среды убивает больше людей, чем СПИД, Автокатастрофы и войны, Вести, Наука.
  10. Загрязнение окружающей среды снижает когнитивые способности человека, 2018, https://habr.com/ru/company/madrobots/blog/422175/
  11. Иванова Н.И., Л.В. Левченко, «Зеленая» экономика: сущность, принципы и перспективы, Вестник Омского университета. Серия «Экономика». 2017. № 2 (58), С. 19–28.
  12. Кучеров А. В., Шибилева О. В., 2014, Концепция «зеленой» экономики: основные положения и перспективы развития // Молодой ученый. №4. С. 561-563.
  13. Перспективы энергетических технологий. Сценарии и стратегии до 2050 г./ ЭСР/МЭА; WWF России; ред. А. Кокорина, Т. Муратовой. – М., 2007. – 586 с.
  14. Ученые: человечество в 2015 году исчерпало ресурсы планеты, 2015, ИА «Амител». http://www.amic.ru/news/311549/
New layer...